სამი საბაზო და ეფექტური ნაბიჯი, რომელზე დაყრდნობითაც შეძლებ გზის გაკვალვას სამსახურის ძიებისას
ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, როგორი გადამწვარი არიან ადამიანები სამუშაოთი, უბედურები არიან თავიანთი სამსახურით, გული აქვთ აცრუებული საქმიანობაზე. ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებსაც აღარ აქვთ იმედი, რომ ოდესმე კარიერას სასურველი მიმართულებით წარმართავენ. არადა, თანამედროვე სამყაროში, ისეთი სამსახურის ქონა, რომელიც სიხარულს მოგიტანთ, სულაც არ არის იდეალისტური ოცნება, არამედ თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი ფაქტორი. როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებ, არამხოლოდ უფრო ბედნიერი ხარ, არამედ საუკეთესოდაც გამოგდის ყველაფერი. სწორედ ასეთ თანამშრომლებს ეძებს თანამედროვე ბიზნესი. ინოვაციის წყურვილით შეპყრობილებს, არასტანდარტულად მოაზროვნეებს, რომლებიც სამუშაო პროცესში სარგებელს შეიტანენ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ აქტუალურია კითხვა, როგორ ვიპოვოთ საყვარელი სამსახური? როგორ დავკავდეთ საქმით, რომელიც შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას მოგვცემს? სწორედ ამიტომ, თავი მოვუყარეთ სამ საბაზო და ეფექტურ ნაბიჯს, რომელზე დაყრდნობითაც შეძლებთ გზის გაკვალვას.
ნაბიჯი 1: დაიჯერეთ, რომ ეს შესაძლებელია
თუკი არ გწამთ, რომ შესაძლებელია აკეთებდეთ საყვარელ საქმეს, ცხადია, მისი პოვნის შანსი ნულის ტოლია. ეს რწმენა უხილავი კედელივითაა და ნებისმიერ გარემოებაში ხელისშემშლელ ფაქტორად გევლინებათ. აქედან ჩნდება დაბალი თვითშეფასებაც, რაც იმედგაცრუებისა და მარცხის მიმართ მოწყვლადს გხდით. შედეგად კი, ყოველივე ეს გადაულახავ ბარიერად გეჩვენებათ.
დაიწყეთ ახლავე: უთხარით საკუთარ თავს ყოველდღიურად, რომ თქვენ აუცილებლად იპოვით ან შექმნით თქვენთვის საყვარელ საქმეს. გაიმეორეთ ეს მანტრა თქვენს თავში, რაც შეიძლება ხშირად. თქვენ უნდა გაავარჯიშოთ მენტალური კუნთური ქსოვილი ამ რწმენის გარშემო. დააკვირდით, დროთა განმავლობაში, ეს რწმენა იმდენად გამყარდება, რომ თვითშეფასებაც მოიმატებს და გამოსავალიც გამოჩნდება.
ნაბიჯი 2: გაერკვიეთ, რა გამოგდით ყველაზე უკეთ?
რა არის თქვენთვის “გენიოსის ზონა”, ანუ რა გამოგდით საუცხოოდ? ეს მიგანიშნებთ, რა მიმართულებით ეძებოთ სამსახური და მეორე მხრივ, რისი კეთება იქნება ყველაზე სასიამოვნო და მარტივი თქვენთვის. თქვენი გენიოსის ზონა ორ რამეს გიამბობთ: ერთი მხრივ, საკუთარ შესაძლებლობებზე, მეორე მხრივს კი, მიზნის დასახვაშიც დაგეხმარებათ. შინაგანი გენიოსი გიკარნახებთ, რა პრობლემის გადაწყვეტა გამოგდით ყველაზე კარგად. თქვენი მიზანი კი არის ერთგვარი გამოვლინება, რა მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ გარემოსამყაროში.
დაიწყეთ ახლავე: ჰკითხეთ საკუთარ თავს: ბოლოს როდის იგრძენით თავი გენიოსად, თქვენს სამსახურში? რა იყო ის პრობლემა, რომელსაც შეეჭიდა? გაიხსენეთ ამის ხუთი შემთხვევა, რა სიტუაცია იყო და როგორ გამოიყენეთ საკუთარი უნარები? როდის იგრძენით, რომ საკუთარი ძალისხმევის შედეგად რაღაც კარგი მოიმოქმედეთ? რა იგრძენით ამ დროს? სწორედ ასე შეძლებთ საკუთარი გენიოსის იდენტიფიცირებას. სწორედ ასეა შესაძლებელი, იმ დამალული ინსაითების პოვნა, რაც კარიერას გაგიკვალავთ, მიზნის დასახვაში დაგეხმარებათ და მნიშვნელოვანი ძვრების ავტორად გაქცევთ.
ნაბიჯი 3: გაიცანით უკეთ თქვენი გარემო, ადამიანები და კულტურა, რომლის ნაწილიც ხართ
ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ და შესაფერისი სამსახურის პოვნა ცხოვრების თანამგზავრის მოძებნის ტოლფასია. ყველა ვერ იქნება ჩვენთვის მისაღები. სწორედ ამიტომაც უნდა შეხედოთ სამსახურის საკითხს ანალოგიურად. ამ საქმეში დაგჭირდებათ ადამიანების, კულტურისა და გარემოს შესწავლა, რაც სამსახურის სწორად შერჩევაში გამოგადგებათ.
დაიწყეთ ახლავე: ჰკითხეთ საკუთარ თავს: დღის რა მონაკვეთში ფიქრობთ უფრო ეფექტურად? როგორია თქვენი იდეალური სამუშაო დღე? რა ტიპის გარემოში გრძნობთ თავს კომფორტულად, ენერგიულად და კონცენტრირებულად? რა არის თქვენი საბაზო ღირებულებები? ეს სია გამოიყენეთ იმის გამოსარკვევად, რამდენად შეგეფერებათ ესა თუ ის ორგანიზაცია.
გადადგით ეს სამი ნაბიჯი და უფრო მალე გახვალთ გზაზე, რომელიც საყვარელ სამსახურამდე მიგიყვანთ, ისეთამდე, სადაც ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ თავს.
წყარო - Marketer.ge